12-15 სექტემბერს, სასტუმრო ბილტმორში, საინვესტიციო კომპანია AG კაპიტალმა საქართველოში პირველ M&A ფორუმს - Globalscope 2018 უმასპინძლა. კომპანიამ Globalscope-ის მორიგი ფორუმის მასპინძლობის უფლება ავსტრალიაში გამართულ წინა წლის ფორუმზე, 46 წევრი ქვეყნის კენჭისყრის შედეგად მოიპოვა.
AG კაპიტალს საპატიო მისია ერგო, საფუძველი ჩაუყაროს საქართველოში M&A სფეროს განვითარებას, რომელიც მიზნად ისახავს ქართული ბიზნესისთვის ახალი შესაძლებლობების გამოვლენას. Globalscope მსოფლიოს წამყვანი M&A ქსელია, რომელიც 1987 წელს დაარსდა და მას შემდეგ მნიშვნელოვან როლს ასრულებს M&A სფეროში, მართავს ბიზნესის შესყიდვების, გაფართოების და რესტრუქტურიზების ტრანზაქციებს მსოფლიოს ყველა ქვეყანაში.
ფორუმს Globalscope-ის 55 ინვესტორი ესწრებოდა მსოფლიოს 40-ზე მეტი ქვეყნიდან. M&A ფორუმში მონაწილე საერთაშორისო საინვესტიციო კომპანიები საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობებს, ბიზნესის განვითრების პერსპექტივებსა და კონკრეტულ საინვესტიციო პროექტებს გაეცნენ. ინვესტორების განსაკუთრებული ყურადღება საბანკო-საფინანსო, ენერგეტიკის, უძრავი ქონების, ტურიზმისა და კვების მრეწველობის სფეროებმა დაიმსახურეს.
"AG კაპიტალს, როგორც Globalscope-ის წევრს, საშუალება აქვს გამოიყენოს ეს უნიკალური გლობალური პლატფორმა და დაეხმაროს ნებისმიერ დაინტერესებულ ქართულ კომპანიას საერთაშორისო სტრატეგიული პარტნიორის მოძიებაში. “ აღნიშნავს აიეტი კუკავა, ალიანს ჯგუფი კაპიტალის აღმასრულებელი დირექტორი.
რამდენიმე დღიანი ფორუმისა და საქმიანი შეხვედრების შემდეგ, სტუმრებმა არაფორმალურ გარემოში გადაინაცვლეს - მოინახულეს თბილისის ისტორიული უბნები, ეწვივნენ საქართველოს ეროვნულ მუზეუმს და საქართველოს სხვადასხვა მხარეში გასვლითი ტურებისას, ტრადიციულ, კულტურულ და შემოქმედებით ღონისძიებებშიც მიიღეს მონაწილეობა.